Tuesday, April 19, 2011

თუშეთი

თუშეთში რომ მოხვდე, საქართველოს ერთერთი ყველაზე მაღალი გზა (2917მ) უნდა გადაკვეთო "აბანოს" უღელტეხილზე. თუშეთი მდებარეობს საქართველოს მარჯვენა კუთხის მაღლობზე, ზღვის დონიდან 1650-4493 მ. მისი სოფლები განლაგებულია 1900მ-დან 2400მ-მდე. იგი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და გვერდით ქედს შორის მდებარე ქვაბულშია მოქცეული. თუშეთის ქედის (ჩრდილოეთით) უმაღლესი მწვერვალია ტებულო (4493 მ.), ხოლო მთავარი წყალგამყოფი ქედის მწვერვალებიდან აღსანიშნავია შავი კლდე (3574 მ.), დიდგვერდი (3334 მ.), პატარა ბორბალო (3180 მ.). აქ გვხვდება ომალო-დიკლოს ვაკე, ცოკალთა-ქუმელაურთის ვაკე და სხვა პატარა ვაკეები. თუშეთის ჰავა კონტინენტურია, აქ ძირითადად სუსტი ქარი და წყნარი დღეები იცის.

თუშეთს აღმოსავლეთით საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით - კახეთი. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო.

თუშეთი მოთავსებულია გომეწრის ალაზნის და პირიქითის ალაზნის ხეობებში და მოიცავს ოთხ ხევს (ბირიკვი, დართლო, ფარსმა, გირიკი), სადაც მოსახლეობა რამდენიმე საუკუნეა ცხოვრობს. ზოგიერთი სოფელი აქ უკვე მიტოვებულია და მხოლოდ მთამსვლელთათვის განსაზღვრული ფუნქციები აქვს. ზამთარში თუშები საცხოვრებლად ბარში – ალვანში ჩამოდიან, თუმცა თითოოროლა მობინადრე არც ზამთარის სიცივეში ტოვებს მთას. თუშეთში ორი მდინარეა - გომეწრის ალაზანი, და პირიქითა ალაზანი. აქ უამრავი პატარა ტბა გვხვდება. სუბალპურ ზონაში მყინვარული წარმოშობის ტბებია, ხოლო კალოანის ხევში მდებარე ტბა მთელი წლის განმავლობაში გაყინულია. თუშეთში ბევრია მინერალური წყალი. თუშეთი გამორჩეული ულამაზესი ალპური მდელოებით და ტყეებით. მისი ტყეების დიდი ნაწილი პირველქმნილია და ძირითადად წარმოდგენილია ფიჭვნარით.ტყეების ფართობი 32000 ჰა-ს შეადგენს. მრავალფეროვანია ცხოველთა სამყარო.

თუშეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის მიხედვით, აქ ადამიანი გვიან ბრინჯაოს ხანაში დასახლებულა. ქართულ საისტორიო წყაროებში კი საკმაოდ მწირი ცნობები მოიპოვება თუშეთის შესახებ.

საქართველოს ეს უნიკალური მხარე უძველესი კულტურის ნაშთებს ინახავს. თუშური კოშკები – ქვის ეს დრეკადი ნაგებობები თუშთა თავშესაფარს და ასევე სათვალთვალოს წარმოადგენდა ჩეჩნებისა და დაღესტნების თავდასხმებისგან თავის დასაღწევად. ამ კოშკებში აღმოჩენილი თუჯის ცხოველების ფიგურები IV-V საუკუნეებით თარიღდება. თუშეთში რომ კულტურა და არქიტექტურა უძველეს დროშივე იყო განვითარებული, ამაზე მეტყველებენ ასევე ფუტკრის სკის სტილის ნაგებობები.

თუშეთი განთქმულია თავისი მეცხვარეობით. აქაური ცხვრის ყველი საუკეთესოა მთელს საქართველოში. აქ ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ძველი ტრადიციები.





No comments:

Post a Comment